დავით ვოლკოვი - სავარაუდოდ, მოედანს 25 დღეში დავუბრუნდები
დავით ვოლკოვი - სავარაუდოდ, მოედანს 25 დღეში დავუბრუნდები

დავით ვოლკოვი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება, – ამის შესახებ თავდამხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

ზირას“ ქართველი თავდამსხმელი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-17 ტურის ერთ-ერთი გმირი გახდა. 25 წლის თავდამსხმელმა გათამაშების ლიდერი ბაქოს „ნეფთჩის“ გაუტანა, გუნდმა კი მისი გოლით 1:0 მოიგო. მაგრამ მატჩის დროს ვოლკოვი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს – მან მხარი მოიტეხა.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თავსაც კარგად ვგრძნობ და ხვალ ან ზეგ ბაქოში წავალ. რაც მთავარია, ექიმმა მითხრა, რომ თამაშს მალე დავიწყებ. მგონი, ხვალ უკვე ბაქოში წავალ და რეაბილიტაციას იქ დავიწყებ. ერთი კვირის შემდეგ ველოსიპედზე დაჯდომის და ძუნძულის უფლებას თუ მომცემენ, ეს უკვე კარგი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ფორმას ნელ-ნელა ავკრიფავ და 25 დღის შემდეგ, ალბათ, სრული დატვირთვითაც უნდა ვივარჯიშო. მე მგონი, კიდევ უფრო მალე დავბრუნდები, ვიდრე თავიდან ვფიქრობდი. არადა, იყო ლაპარაკი, რომ შესაძლოა, 2 თვე დამესვენა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით ვოლკოვი.

25 წლის თავდამსხმელის თქმით, მძიმე ტკივილებს არ გრძნობს.

„ტკივილები ნამდვილად არ მაწუხებს. ცუდად დავეცი, გავრბოდი და ამ დროს უკნიდან „ნეფთჩის“ ფეხბურთელი დამეჯახა. თანაც, ამ დროს ხელიც მომაყოლა და მხარი ამის გამო მომტყდა. რომ არა ეს, ჩვეულებრივად დავეცემოდი და არაფერიც არ მომივიდოდა“.

დავით ვოლკოვი „ნეფთჩისთან“ გატანილი გოლით აზერბაიჯანის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერებს დაეწია და 8 გოლით მესამე ადგილზეა. მაგრამ ცხადია, რომ უახლოეს ტურებს გამოტოვებს.