ქართველი ლეგიონერები | სანდრო ნარიმანიძემ სლოვაკეთში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

10:10, 01.11.2026

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს. გამორჩეული იყო სანდრო ნარიმანიძის თამაში, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ქართველი თავდამსხმელის ყოფილ გუნდს, „კარლსრუეს“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „გენგამთან“ 3:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა მოედანზე 68 წუთი გაატარა.

სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ორივე ქართველმა მცველმა სრული მატჩი ჩაატარა. მასპინძლებმა ანგარიში ნარიმანიძის საგოლე გადაცემის შემდეგ გახსნეს. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი შეფასებაც დაიმსახურა – მისი თამაში 8,4 ქულით შეფასდა.

გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავას „სპარტაკი“ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად „კომარნოსთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველ ფეხბურთელთაგან შეხვედრაში მხოლოდ მოისწრაფიშვილმა მიიღო მონაწილეობა, ხორხელმა კი ამჯერად არ ითამაშა.

მსგავსი