გიორგი მამარდაშვილი – „ჩელსისთან“ პენალტების სერიაში წინასწარი ანალიზი არაზუსტი აღმოჩნდა #1TVSPORT
„ლივერპულის“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ESPN-თან ინტერვიუში „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პენალტების სერიის წინ მეტოქე ფეხბურთელების შესახებ მიღებული ინფორმაცია არაზუსტი აღმოჩნდა.
„ენფილდზე“ გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლივერპულმა“ 6:5 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების მეკარე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და გადამწყვეტ მომენტში ემანუელ ემეგას დარტყმა მოიგერია.
როგორც წესი, გუნდების ანალიტიკური შტაბები პენალტების სერიისთვის წინასწარ ამზადებენ ინფორმაციას მეტოქე ფეხბურთელების შესახებ, მათ შორის, თუ რომელ მხარეს ურჩევნიათ მათ დარტყმის შესრულება. მამარდაშვილის განცხადებით, „ჩელსისთან“ შეხვედრაში მიღებული მონაცემები პრაქტიკაში არ გამოდგა.
„მეტოქის დამრტყმელების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სერიის დაწყებამდე გადმომცეს, არასწორი აღმოჩნდა. „ჩელსის“ ფეხბურთელების შესახებ მომზადებული ფურცელი თან მქონდა, თუმცა მასში მოცემული მონაცემები არაზუსტი იყო. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა და ვერ დამეხმარა.
ემეგას დარტყმის მოგერიებისას საკუთარ ინტუიციას დავეყრდენი. დავაკვირდი, სად დგამდა საყრდენ ფეხს და გადავწყვიტე, მარჯვნივ გადავმხტარიყავი. მინდოდა, უფრო მეტი პენალტი მომეგერიებინა, თუმცა ზოგჯერ ერთიც საკმარისია“, — განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ლივერპულის“ მეტოქე „ბორნმუთი“ იქნება. შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.