დავით თაქთაქიშვილი – „შერიფი“ და „ყარაბახი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ, სოხუმის „დინამომ“ იგივე რომ გააკეთოს, უდიდესი აღიარება იქნება #1TVSPORT
სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დავით თაქთაქიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ტირასპოლის „შერიფის“ წარმატებულ გამოსვლას გამოეხმაურა:
„ფეხბურთი ძალიან წინ წავიდა და ყოველ წამიერად ვითარდება. პლუს ფეხბურთი მსოფლიოში ყველზე პოპულარული სპორტის სახეობაა და ყველზე დიდი პოლიტიკა და რეკლამის საშუალება. უდიდესი სენსაცია მოახდინა „შერიფმა“, რომელიც კონფლიქტური რეგიონის გუნდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ასეთივე რეგიონის გუნდი „ყარაბახი“ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე სტაბილურად ასპარეზობს და ჩვენ რა გვჭირს?! ბევრი ფიქრი და განსჯა ამას არ სჭირდება. „შერიფს“ ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და უდიდესი დაფინანსება აქვს, „ყარაბახს“ამიერკავკასიაში ერთ-ერთ გამორჩეული ბაზა და სახელმწიფოს დიდი დაფინანსება აქვს. ყველამ ვიცით ეს დაფინანსება რატომ გაკეთდა და რატომ დაიწყეს ეს პროექტი – გაიტანეს ყარაბახის სახელი, რომ ეს აზერბაიჯანია. ამაში უდიდესი როლი სახელმწიფოს მიუძღვის“, – წერს დავით თაქთაქიშვილი.
სოხუმის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე აზრს ავითარებს და ამბობს, რომ საქართველოს ანალოგიად მისი გუნდი გამოდგება:
„ეს ჩემთვის შესაშურია, როდესაც ქვეყანას ჰყავს სოხუმის „დინამო”, რომელსაც აქვს დიდი ისტორია, დიდი სახელი და მსოფლიო ასპარეზზე არ ვიყენებთ, როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა „ყარაბახის“ სახით. ყველა საფეხბურთო კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ფეხბურთში, ყველამ იცის, რომ სოხუმის „დინამო“ აფხაზებისთვის იყო და არის პირველი გუნდი და მისი წარმატება ბევრი სასიკეთო ძვრის საწინდარი შეიძლება გახდეს“.
დავით თაქთაქიშვილი გუნდის აღორძინების საკუთარ ხედვას გვთავაზობს:
„სახელმწიფომ გუნდი უნდა დააფინანსოს და თბილისში საკუთარი დროებითი ბაზა უნდა აუშენოს, შეუქმნას საუკეთესო პირობები, რომ სოხუმის „დინამომ“ მოიწვიოს ხარისხიანი ლეგიონერები და საკუთარ აკადემიაში გაზრდილ ნიჭიერ ფეხბურთლებთან ერთად წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. გუნდის წარმატებას ბევრი სასიკეთო ძვრა მოჰყვება – ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან აფხაზებისთვის სოხუმის „დინამო“ სულ სხვა გუნდია. ეს იქნება კიდევ ერთი დიდი აღიარება, როდესაც ევროპულ თამაშებში გუნდი გავა სოხუმის „დინამოს“ სახელით. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება იქნება, რომ სოხუმი და აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი – ოკუპანტი“.
მისთვის გაუგებარია, სოხუმის „დინამოს“ სხვა გუნდებს რომ ადარებენ:
„სიმართლე გითხრათ, მქონდა საუბარი გარკვეულ პირებთან დაფინანსებაზე, მაგრამ პასუხი არის ერთი – სოხუმის „დინამომ“, ფული რომ მიიღოს, იმავეს სხვა გუნდებიც მოითხოვენ, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ სოხუმის „დინამო” ყველა გუნდი არ არის! ჩვენი ქალთა გუნდი უმაღლეს ლიგაშია და რეალური შანსია, რომ სოხუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. ამისთვის საჭიროა დაფინანსება და იმედია, რომ გამოჩნდება ისეთი დაფინანსება, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს და თითოეული ჩვენგანი ავიხდენთ ოცნებას, რომ ევროასპარეზზე ეწეროს სახელი სოხუმის „დინამო” და მის გასწვრივ – საქართველო! მჯერა, ამ ოცნებას ავიხდენთ. ერთი წლის წინ ვოცნებობდი, რომ საქართველოს ნაკრების სამტჩო განაცხადში ჩვენი გუნდის ფეხბურთელი ყოფილიყო. მე ეს ოცნება ავიხდინე, ქალთა ნაკრებში ჩვენი წარმომადგენელი მოხვდა. იმედია, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველა ერთად სოხუმის „დინამოს“ ევროასპარეზზე ვიხილავთ და გუნდის ირგვლივ აფხაზ ძმებს გავაერთიანებთ!“.