დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომა 16 თებერვალს განახლდება
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომა 16 თებერვალს განახლდება

დავით გარეჯის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გადაიდო.

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე მხარეებს ჰქონდათ შუამდგომლობები, ასევე დაცვის მხარის საკუთარ შუამდგომლობებთან და ბევრ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარ თავთს ეწინააღმდეგებოდა.

„ძალიან ბევრი დეტალი დააზუსტა, სწორედ ამ მიზეზით მოხდა პროცესის გადადება. რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, ჩვენ განვუცხადეთ სასამართლოს ჩვენი პოზიცია, ყველა მტკიცებულება არის რელევანტური, ავთენტური, უტყუარი. რაც შეეხება ახალ მტკიცებულებას, ეს არის საჯარო განცხადებები, ბრალდებული ივერი მელაშვილის პოზიციები, რომელიც ეხება ჩვენს სისხლის სამართლის საქმეს, იმ მონაკვეთებს, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს ბრალდებულებმა. ბრალდებული აცხადებს, რომ არ იყო საქართველოს ტერიტორია, არასოდეს არ მიეკუთვნებოდა და მათ შორის ამის საფუძველი არ არსებობდა. ეს არის ის პოზიცია, რომელიც დოკუმენტურად, ბრალდებულების განხორციელებული ქმედებებით დასტურდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, ეს წარმოდგენილიყო“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რატომ ითხოვს ბრალდების მხარე, რომ დაუშვებლად ცნოს სასამართლომ ადვოკატების ის შუამდგომლობა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვას ეხება, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ადვოკატების მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევითაა მოპოვებული.

„როდესაც ინიშნება ექსპერტიზა, განსაკუთრებით კარტოგრაფიული ექსპერტიზა, აუცილებლად უნდა იქნას გადაგზავნილი შესაბამისი მასალა, რაც არის საკვლევი ობიექტი და რაც უნდა დაამუშაოს ექსპერტიზამ,. მოცემულ შემთხვევაში არანაირი საკვლევი მასალა არ არის გადაგზავნილი, მხოლოდ კითხვებია დასმული. მეორე არის ის, რომ კანონი ითვალისწინებს ექსპერტის გაფრთხილებას შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ასევე უფლებამოვალეობების განმარტებას, ესეც არ არის. ასევე სხვა ბევრი დეტალი, განსხვავებით სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნისა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურებაზე არა აქვთ წარმოდგენილი, ბუნებრივია, ბევრი ტექნიკური და სამართლებრივი დეტალი წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან და ქმნის მის დაუშვებლად ცნობის საფუძველს“, – განაცხადა პროკურორმა.

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 14:00 საათზე განახლდება, სადაც გაგრძელდება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა. ასევე, დაცვის მხარე წარადგენს საკუთარ პოზიციას ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ დამატებით მტკიცებულებებზე, რომელიც ეხება ივერი მელაშვილის მიერ 28 იანვრის შემდეგ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ასევე მომდევნო სხდომაზე გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.