დავით ფურცხვანიძე - გამოკითხვისას დავასახელე, ვინ გადმომცა ფოტოები, სრული იდენტიფიცირება თუ უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები აქვს გამოძიებას
გამოკითხვისას დავასახელე, ვინ გადმომცა ფოტოები, სრული იდენტიფიცირება თუ უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები აქვს გამოძიებას, – ამის შესახებ განაცხადა დავით ფურცხვანიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ. ის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის შესახებ გამოიკითხა.
„დავასახელე კონკრეტულად გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა დეტალები დაკავშირებული იმ პირთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუკი რაიმე შესაძლებელი იყო, ვთქვი. სრული იდენტიფიცირება თუ უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მაგათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები. თუ დეტალებიც არის საჭირო, დამატებითი საკომუნიკაციო საშუალებებია, ჩემი მობილური და ლეპტოპი, პროცესორი. ჩემი მობილური დაზიანდა, ახლით შევცვალე. რაც შეეხება იმას, აღვიდგენ თუ არა, რაც მე და ამ საქმეს სჭირდება, მექნება ის, რაც მჭირდება“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.
დავით ფურცხვანიძე მის მიერ დასახელებულ პირთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“.
„ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, ხომ არ ცდილობს ის კვალის არევას, ფურცხვანიძე ამბობს: „ჯერ კვალი უნდა იყოს, რომ აურიო. კვალი სად არის? ერთი პირი დავასახელე თავიდანაც და ახლაც“.
რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ „ყარაბაღის საქმესთან დაკავშირებით არავითარი შემხებლობა არ ჰქონია“.
„ერთხელ არის ნახსენები, როცა საუბარი დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა. მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, არის მითითება ასეთი – იქ, სადაც არის დიდი ფულის ბრუნვა, შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის იარაღით ვაჭრობის. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტი“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში აპირებს გამგზავრებას.
„ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას და ხელს რა შემიშლის? ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. მიზანია სწორედ კორუფციული, ფინანსური, ფულის დარიცხვების შესახებ რაც არის, გამოძიება ბოლომდე არის მისაყვანი, ერთ-ერთი თემა ესეც არის. ბაჩალიაშვილი არის ერთ-ერთი შემადგენელი ეპიზოდი დიდ საქმეში.
პირდაპირ ვამბობ, მკვლელობა – ნამდვილად ასეა, რადგან ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, მოდელირებული და უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული.
ჩემთვის სატელიტი სურათები არავის მოუთხოვია, მათ შორის არც მიშა რამიშვილს. თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საკითხში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც მკვლელობის გახსნა, არამედ მოტივი, რატომ იყო ეს მკვლელობა ჩადენილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ფურცხვანიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, დღეს საქმის პროკურორმა
განაცხადა, რომ დავით ფურცხვანიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ფოტოები გადასცა პირმა, რომელიც ცხოვრებაში ნანახი არ ჰყავს და ვერც უკავშირდება, რადგან ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა.