დავით დვალი - ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, სამართლებრივად ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100%-ის მფლობელია
დავით დვალი - ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, სამართლებრივად ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100%-ის მფლობელია

სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, – განუცხადა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა მისი და ჯარჯი აქიმიძის ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ. მისი შეფასებით, საინტერესო საუბარი შედგა და ასევე აღნიშნა, რომ ხალვაში მათთან არაფრით არ არის ვალდებული.

„სახელმწიფო ყველაფერი ქნა, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის კეთილი ნება. ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი დაასახელოს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ყველაფერი დაიყვანება იმაზე, კონტროლი ვისია, ჩვენი პასუხიც ამ ანალიზიდან გამომდინარე იქნება დაფუძნებული, მკაფიო პასუხს ახლა არ ვამბობთ.

ჩვენ გავცვალეთ იდეები სარედაქციო პოლიტიკაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იყოს უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია. ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან. ქიბარი ამას უდგება, როგორც მეწარმე და ღელავს „რუსთავი 2“-ის ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს იყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.

მადლობა მას და მისი კეთილი ნებაა, 5%-ს დათმობს თუ 70%-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად თანხმობას განვაცხადებთ და ჩვენი საბოლოო პასუხი – კი ან არა უახლოეს დღეებში იქნება. დღეს სამართლებრივად ქიბარ ხალვაში 100%-ის მფლობელია. ქიბარ ხალვაში არის კერძო პირი და „რუსთავი 2“-ის 100%-ის მფლობელი“, – განუცხადა დავით დვალმა ჟურნალისტებს.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი აქიმიძემ ითხოვა.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე“, – აღნიშნა დავით დვალმა.

დატოვე კომენტარი