დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, შოთა შალელაშვილი ფრაქცია „მრეწველებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადადის
დავით ჭიჭინაძის ინფორმაციით, შოთა შალელაშვილი ფრაქცია „მრეწველებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადადის

შოთა შალელაშვილი ფრაქცია „მრეწველებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადადის, – ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში შოთა შალელაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და ფრაქცია „მრეწველებში“ იყო გაწევრიანებული.

ამასთან, როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, ის მომხრეა პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა შემცირდეს.

„პოლიტსაბჭო კომპაქტური და მობილური უნდა იყოს, ასევე დაცული უნდა იყოს ბალანსი“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ  განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა პარტიის ყრილობის საორგანიზაციო საკითხები იყო.

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი.  პარტიის ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.