მამუკა მდინარაძე - შემცირდება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ხვალ გახდება ცნობილი
მამუკა მდინარაძე - შემცირდება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ხვალ გახდება ცნობილი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„დღეს იყო პოზიტიური შეხვედრა. საუბარი ძირითადად იყო პარტიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე, ახალ ინიციატივებზე, როგორ უნდა განვითარდეს პარტია, როგორ გაიშალოს მენეჯმენტი, როგორი უნდა იყოს გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა დეპუტატმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შესახებ კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ადასტურებს, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება მოხდება. შემცირდება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, მდინარაძის თქმით, ამის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი.  პარტიის ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.