დავიდ სილვამ „ლაციოს“ უარი უთხრა და ორი წელი „რეალ სოსიედადში“ ითამაშებს
„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი დავიდ სილვა თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალ სოსიედადში“ გადავიდა. მან ბასკურ კლუბთან 2022 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
„სილვა მალე შეუერთდება ძირითად გუნდს წინასასეზონო შეკრების გასავლელად“, – დაიწერა ესპანური კლუბის განცხადებაში.
ბოლო დღეებში იტალიური მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ დავიდ სილვა სერია A-ში, კერძოდ კი რომის „ლაციოში“ გააგრძელებდა კარიერას. ეს გარიგება ყველას გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ ფეხბურთელმა სენსაციურად სხვა ვარიანტი აირჩია.
„სოსიედადმა“ მოიპარა დავიდ სილვას გარიგება! „ლაციოს“ სრული შეთანხმება ჰქონდა მიღწეული სამწლიან კონტრაქტზე, უკვე დანიშნული იყო სამედიცინო შემოწმება. „სოსიედადი“ საიდუმლოდ დაუკავშირდა ფეხბურთელს. რომაელები გაცოფებულნი არიან. მაგრამ გადასვლა მაინც შედგა”, – დაწერა „გარდიანის“ მიმომხილველმა ფაბრიციო რომანომ.
34 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის შესახებ 2019-20 წლების სეზონის შემდეგ გამოაცხადა. „ვალენსიას“ აღზრდილმა „ეტიჰადზე“ 10 წელი გაატარა, 309 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა. ამ დროის განმავლობაში, ის ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ მოიპოვა ინგლისის თასი.
ორი დღის წინ „სიტის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ საკუთარი სტადიონის გვერდით დავიდ სილვას ქანდაკებას აღმართავს.