ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
32 წლის ესპანელი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ევროპული გუნდისგან წინადადებას ელოდება და სურს, პირველი მეკარის სტატუსი ჰქონდეს. თუ მსგავს შეთავაზებას არ მიიღებს, ის ფეხბურთს დაემშვიდობება, – წერს გამოცემა.
დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა, მას კონტრაქტი ამოეწურა, ხოლო ინგლისურმა კლუბმა ახალი ხელშეკრულების დადება არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ 2022/23 წლის სეზონში მან პრემიერლიგის მეკარეებს შორის ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად (17).
ესპანელი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეიძინა. 11 წლის მანძილზე დე ხეამ გუნდის მაისურით 545 მატჩი ჩაატარა, მოიგო პრემიერლიგა და ევროპალიგა. ის ოთხჯერ დაასახელეს გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.