„იუნაიტედმა“ მანჩესტერული დერბი უშანსოდ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
„იუნაიტედმა“ მანჩესტერული დერბი უშანსოდ წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის მე-11 ტურში მთავარი მატჩი შედგა – „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა მანჩესტერული დერბი, რომელიც სტუმარი „სიტის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

პირველი გოლი მეშვიდე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა „იუნაიტედის“ მცველმა ერიკ ბაიმ, რომელიც ამ სეზონში პირველ შეხვედრას ატარებდა პრემიერლიგაში. ეს გაშვებული გოლი მასპინძლებისთვის იმას ნიშნავდა, რომ მათ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-14 ოფიციალურ მატჩში გაუშვეს გოლი, რაც ბოლო 60 წელი არ მომხდარა. ბაი კი გახდა „იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში მანჩესტერულ დერბიში ავტოგოლი გაიფორმა.

„სიტიმ’ პირველი ტაიმის მიწურულს ორამდე გაზარდა უპირატესობა – ჟოაო კანსელომ მარცხნიდან შორეულ კუთხეზე ჩააწოდა და ბერნარდო სილვამ დავიდ დე ხეას ახლო კუთხეში გაუტანა. პორტუგალიელისთვის ეს ბოლო ოთხ დერბიში მესამე გოლი იყო. სამივე მან „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა.

„იუნაიტედმა“ პიწმინდად წააგო პირველი ტაიმი და დე ხეას უნდა უმადლოდეს, რომ უფრო მეტი არ გაუშვა. მასპინძლების ფეხბურთელები პირველ ნახევარში სამჯერ შეეხნენ ბურთს მეტოქის საჯარიმოში. „სიტის“ შემადგენლობაში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი ჰქონდა ორ ფეხბურთელს – გაბრიელ ჟესუსსა (5) და ფილ ფოდენს (4).

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. უპირატესობას ისევ „სიტი“ ფლობდა, რომელმაც ერთხელ ძელს გაარტყა ბურთი, „იუნაიტედმა“ კი შეხვედრა ერთადერთი ზუსტი დარტყმით დაასრულა, რომელიც 26-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნოდა. მასპინძლებს არც კუთხური ჩაუწოდებიათ.

ამ მოგებით „მანჩესტერ სიტი“ მეორე ადგილზე გადავიდა 23 ქულით. ლიდერ „ჩელსის“ ორი ქულით ჩამორჩება, „ლივერპულს“ კი ერთი ქულით უსწრებს, თუმცა კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მეხუთე ადგილზეა 17 ქულით, თუმცა ამ ტურში მისი გადასწრება ოთხ გუნდს შეუძლია.