დაპირისპირება ქალთა ფეხბურთში - კლუბი „ლანჩხუთი“ ქალთა ფედერაციის წინააღმდეგ
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მორიგი განცხადება გამაოქვეყნა, რომელშც დასრულებული სეზონის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.
„ერთი თვის წინ წინადადებით მივმართეთ ქალთა ფეხბურთის ფედერაციას, საჯარო გაეხადა მატჩების ოქმები და განეთავსებინა ვებ-გვერდზე. ცხადია, არაფერი მსგავსი არ მოხდა. სამწუხაროა, რომ გვიწევს კომუნიკაციის წარმართვა საჯარო სივრცეში, თუმცა სხვა გზა არც გვაქვს, რადგან ჯერ კიდევ აგვისტოში გაგზავნილ წერილებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. 2 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ჩვენ თავი შევიკავეთ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისაგან, თუმცა დღეის მდგომარეობით ქალთა ფეხბურთის ფედერაციის მიერ პრაქტიკულად დადასტურდა ის ფაქტი, რომლის თაობაზეც ჩვენ მაშინ შევატყობინეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს ბატონ დავით მუჯირს. ვფიქრობთ რომ ამ შედეგის მიღწევა და რეალური სურათის გასაჯაროება მისი უშუალო ძალისხმევით მოხდა. რისთვისაც დიდი მადლობა მას და ფეხბურთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალთა ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორი სხვადასხვა იურიდიული პირია“ – წერია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.
ქალთა საფეხბურთო კლუბის პრეს-სამსახური ყურადღებას დეტალებზე ამახვილებს – „ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 20 ივლისს ქ. თბილისში გამართული მეორე წრის მატჩი ქსკ ,,ნიკესა” და ქსკ ,,გორი იუნაიტედს” დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 14:0. ამასვე ადასტურებს ქსკ ,,ნიკეს” ოფიციალური ფეისბუკ – გვერდი. თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ ამ დღეს ეს მატჩი საერთოდ არ გამართულა. რეალურად მატჩი შედგა ივნისში მეორე წრის დაწყების წინ და ეს მაშინ როცა ქსკ ,,ნიკეს” ჯერ კიდევ სათამაშო ჰქონდა პირველი წრის გადატანილი მატჩი ქუთაისის ,,მართვესთან”. მოკლედ რომ შევაჯამოთ ფაქტები – მეორე წრის მატჩი გაიმართა მეორე წრის დაწყებამდე და ფაქტიურად პირველი წრის დასრულებამდე, რადგან ქსკ ,,ნიკეს” სათამაშო ჰქონდა პირველი წრის გამოტოვებული მატჩი ქსკ ,,მართვესთან”. მატჩი გაიმართა არა 20 ივლისს არამედ უფრო ადრე, 16 ივნისს, ხოლო ფედერაციის მიერ მატჩის თარიღად ოფიციალურად გამოქვეყნდა 20 ივლისი. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ფედერაციის ვებ-გვერდზე შეიცვალა მატჩის თარიღი და დაიწერა 16 ივნისი, რითაც ფაქტობრივად დადასტურდა ზემოთ აღნიშნული გარემოება.
რა შეიძლება ყოფილიყო მსგავსი მანიპულაციის მიზეზი? დიდი ალბათობით ის, რომ ყვითელი ბარათების რაოდენობის გამო ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს გამოეტოვებინა მატჩი შედარებით სუსტ მეტოქესთან და ეთამაშა ქუთაისის „მართვესთან“ შემდეგ მატჩში“.
ქსკ „ლანჩხუთი“ აანონსებს, რომ არ გაჩერდება – „აუცილებლად მივმართავთ სადისცილინო კომიტეტს თხოვნით, განიხილოს აღნიშნული მატჩის შედეგის მართლზომიერება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის როლი ამ ისტორიაში – ეს იყო დაუდევრობა მათი მხრიდან თუ მიზანმიმართული ქმედება ქსკ „ნიკეს“ დასახმარებლად. კითხვები ბევრია, თუ მატჩი შედგა 16 ივნისს, რატომ გამოქვეყნდა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ივლისში როგორც 20 ივლისის ტურის მატჩზე? თუ ყველაფერი წესდებასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაშია, რა იყო აქ მაშინ დასამალი? ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყოს. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილი ჰქონდა ქალთა ფეხბურთის ფედერაციასა და ქსკ „ნიკეს“ შორის ურთიერთშეთანხმებულ ქმედებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფედერაცია არ იყო ობიექტური თავის ქმედებებში, რაც აისახა კიდეც ჩემპიონატის შედეგებზე. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სიტუაციასთან შეგუებას და ბრძოლას ყველა კანონიერი საშუალებით გავაგრძელებთ“.