დანა ვაიტის განცხადებით, ორგანიზაცია პეტრ იანისა და ჟოზე ალდოს სატიტულო ბრძოლის ჩატარებაზე მუშაობს
აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ტიტული ოფიციალურად ვაკანტურად გამოაცხადა. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ჰენრი სეხუდომ კარიერა დაასრულა.
ორგანიზაციის პრეზიდეტმა დანა ვაიტმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში დივიზიონის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ვაიტმა დაადასტურა, რომ სატიტულო ბრძოლა ვაკანტური ტიტულისთვის პეტრ იანსა და ჟოზე ალდოს შორის შედგება.
„მინდა გაგიმხილოთ, თუ რა გეგმები გვაქვს ამ დივიზიონთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩემი თანამშრომლები ამისთვის მეჩხუბებიან, თუმცა მაინც გავრისკავ. ჰენრი სეხუდომ კარიერა დაასრულა, აქედან გამომდინარე, ამჟამად ჩვენ განვხილივათ პეტრ იანისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას ვაკანტური ქამრისთვის. ჯერჯერობით არ ვიცით ბრძოლის ჩატარების თარიღი და ლოკაცია, თუმცა, დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაცია სწორედ ამ დაპირისპირების გამართვაზე მუშაობს“, – განაცხადა ვაიტმა.
აღსანიშნავია, რომ არც ჟოზე ალდო (28-6) და პეტრ იანი (14-1) ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იმყოფებიან. როგორც ჩანს, ორგანიზაცია ამ დაპირისპირების ჩატარებას საბრძოლო კუნძულზე გეგმავს.
ჟოზე ალდო 33 წლის არის და მას ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს (ალექს ვოლკანოვსკი და მარლონ მორაესი. რაც შეეხება პეტრ იანს, რუსი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დაუმარცხებლად ასპარეზობს (UFC 6-0). მან დაამარცხა ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან ჯინ სო სონი, დუგლას ანდრადე, ჯონ დოდსონი, ჯიმი რივერა. უკანასკნელ ბრძოლაში მან ურაია ფებერს სძლია.