„დაკარზე“ ავარიები გრძელდება
„დაკარზე“ ავარიები გრძელდება

რალი-რეიდ „დაკარზე“ მეხუთე ეტაპი გაიმართა და ამჯერადაც, ავტომარათონს ერთ-ერთი ფავორიტი გამოეთიშა. არ გაუმართლა ფრანგ სებასტიან ლოებს. დისტანციის 39-ე კილომეტრზე, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის „პეჟო“ ქვიშაში ჩავარდა და დიდი დრო დაკარგა. მოგვიანებით, სხვების დახმარებით, ფრანგმა შეძლო გზის გაგრძელება, მაგრამ მის შტურმანს ზურგი ჰქონდა დაზიანებული. ამიტომაც, ლოებს, რომელიც იმ მომენტისთვის მეორე ადგილზე იყო გენერალურ კლასიფიკაციაში, რბოლის შეწყვეტა მოუწია.

შესაბამისად, „პეჟოს“ „დაკარზე“ ორი ეკიპაჟი შემორჩა – სტეფან პეტერანსელისა და კარლოს საინსის. პეტერანსელმა მეხუთე ეტაპის მოგება მოახერხა, საინსი კი ავარიაში მოხვდა და 20 წუთი დაკარგა. საერთო ჩათვლაში ისინი პირველ-მეორე ადგილებზე არიან, მაგრამ პეტერანსელის უპირატესობა უკვე ნახევარ საათს შეადგენს.

პეჟოების“ უკან სამი „ტოიოტაა“, თუმცა თითოეული მინიმუმ საათს აგებს ლიდერთან. მოტოციკლების კლასში ხოან ბარედა ბორტი იყო შეუდარებელი – მან ყველა საკონტროლო ნიშნულზე საუკეთესო დრო აჩვენა და მთელ პელოტონს 10 წუთით მოუგო.

მეხუთე ეტაპის შემდეგ, ლიდერია ადრიენ ვან ბევერენი, თუმცა, მხოლოდ ერთ წუთს უგებს კევინ ბენავიდესს. რაც შეეხება ბარედა ბორტს, მან გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.