დაბრუნება ექვსი წლის შემდეგ - „სამტრედიამ“ არაბიძის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
დაბრუნება ექვსი წლის შემდეგ - „სამტრედიამ“ არაბიძის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რაც საქართელოს პირველმა არხმა 5 ივლისს გაავრცელა, – გიორგი არაბიძე საქართველოში დაბრუნდა და იმერული კლუბის ფორმას მოირგებს.

გიორგი არაბიძე ბოლოს ვოლგოგრადის „როტორში“ თამაშობდა, სადაც თავის გამოვლენის შანსი არ მისცემია და ივნისიდან მოყოლებული ვარჯიშობდა „სამტრედიაში“, რომელსაც მისთვის ყველაზე ახლობელი მწვრთნელი, გია ცეცაძე ავარჯიშებს.

23 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. პროფესიული კარიერა 2013 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, საიდანაც 2015 წელს დონეცკის „შახტარში“ ჩაირიცხა, სადაც მაშინ ცნობილი რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ავარჯიშებდა.

არაბიძე „შახტარის“ დუბლებში თამაშობდა, პარალელურად ლუჩესკუ გიორგის, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდში უკრაინის პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალებას აძლევდა. გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს მოიხსენიებდნენ როგორც „ახალი მესი“ ან „ქართველი მესი“.

2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ჩაიბარა, „შახტარში“ კი მის ნაცვლად დანიშნულმა პაულუ ფონსეკამ არაბიძეს უნდობლობა გამოუცხადა, მთავარი გუნდის განაცხადშიც აღარ შეიყვანა და შეკრებაზეც არ წაიყვანა.

ამის გამო 2018 წელს პორტუგალიურ „ნასიონალში“ გადავიდა, საიდანაც იჯარით თურქულ „ადანასპორში“ გადავიდა და მძიმე ტრავმის გამო წელიწადი გაუცდა. 2021 წლის დასაწყისში ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გადავიდა. ახლა საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, მაგრამ „ნასიონალში“ დაბრუნება არ სურს.

გიორგის ტრავმების გამო ბოლო ორ წელიწადში დიდი დრო გაუცდა და მისი მიზანია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ფორმაში შევიდეს და მაღალ დონეზე დასაბრუნებლად აუცილებელი კონდიციები აღიდგინოს. ესაა ერთადერთი მოტივი, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა. სათამაშო პრაქტიკა კი ცეცაძესთან აუცილებლად ექნება, რადგან კარგად იცის, რომ „სამტრედიას“ შედეგს მხოლოდ ასეთი ინდივიდუალისტი მოუტანს.

ეროვნულ ნაკრებში გიორგის დებიუტი 2017 წლის 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ შედგა. „ჯვაროსნებში“ პირველი გოლი კი 2017 წლის 28 მარტს ლატვიის ნაკრებს გაუტანა. იმავე წლის 7 ივნისს არაბიძემ დუბლი შეასრულა სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებთან.