„ევროლიგის“ მიმდინარე სეზონის ერთერთი მთავარი სენსაცია დღეს მოსკოვში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივი „ცსკა“ თელ ავივის „მაკაბისთან“ 17 ქულის სხვაობით განადგურდა.
არმიული კლუბი, რომელიც შეჯიბრის ერთერთი ლიდერი და ფავორიტია, ამ ტურნირზე მეხუთედ დამარცხდა. სტუმრებმა გუნდურ კალათბურთზე გააკეთეს ძირითადი აქცენტი და აგრესიული დაცვის ხარჯზე, მესამე მეოთხედის შუა ნაწილიდან მოყოლებული, კომფორტულ უპირატესობას მიაღწიეს.
იანის სფეროპულოსის გუნდში საუკეთესო შედეგი იოველ ზუსმანს ჰქონდა. ისრაელის ნაკრების და „მაკაბის“ ცენტრმა, 15 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრაც გააკეთა. მოსკოველთა რიგებში 16-16 ქულა ნანდო დე კოლომ და უილ კლაიბერნმა მოიპოვეს.
ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, თელ ავივის გუნდი სატურნირო ცხრილში 11-ე ადგილზე ავიდა. „ცსკა“ ჯერჯეობით მესამე პოზიციაზე იმყოფება.