ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, რომლის გამოც 23 ჩოგბურთელი სრულ იზოლაციაში გაუშვეს
საჩოგბურთო მიმომხილველმა ჯონ ვერტჰაიმმა „ტვიტერში“ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აბუ დაბის ჩარტერულ რეისზე მყოფი მგზავრებიდან კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა კანადელი ჩოგბურთელის ბიანკა ანდრეესკუს მწვრთნელმა სილვენ ბრუნომ.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელებს, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის მასპინძელ ქალაქ მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ, უმკაცრეს 14-დღიან იზოლაციაში გაუშვებენ. ჩარტერულ რეისებში მათთან ერთად მგზარობდნენ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
აბუ დაბის რეისით ავსტრალიაში მიფრინავდა 23 ჩოგბურთელი, მათ შორის, აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვა, ანჟელიკ კერბერი, მარია საკარი, ბელინდა ბენჩიჩი, სვეტლანა კუზნეცოვა და სხვები.
რაც შეეხება ლოს ანჯელესის რეისს, იქიდან პირდაპირ იზოლაციაში გაუშვეს ვიქტორია აზარენკა, კეი ნიშიკორი, სლოან სტივენსი, პაბლო კუევასი და აგრეთვე, ტენის სანდგრენი და გვიდო პელია, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი.
სულ ორკვირიან იზოლაციაში იქნება 50 ჩოგბურთელი. მათ 14 დღის განმავლობაში აკრძალული ექნებათ სასტუმროს ნომრის დატოვება. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ველოტრენაჟორი.
ავსტრალიის ღია პირველობა ჩვეულებრივზე ორი კვირით გვიან გაიმართება – 8-21 თებერვალს.