ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-კაპიტანი დასაჯეს - საქართველოსთან მატჩამდე რისტოვსკი დუბლებში გადაიყვანეს
12 ნოემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან დანიშნულ „ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს სერიოზული პრობლემა შეექმნა – გუნდის ვიცე-კაპიტანი სტეფან რისტოვსკი პორტუგალიური კლუბის, ლისაბონის „სპორტინგის“ მენეჯმენტმა დასაჯა და დუბლებში გადაიყვანა.
მომხდარის მიზეზებზე წერილი ჩრდილოეთ მაკედონიურ გამოცემა „ეკიპაში“ გამოქვეყნდა.
„მოსკოვის „დინამოში“ ჩაშლილი ტრანსფერის გამო, უახლოეს პერიოდს სტეფან რისტოვსკი ლისაბონის „სპორტინგის“ მეორე გუნდში გაატარებს. ლისაბონის გუნდის მენეჯმენტმა რისტოვსკი დასაჯა. პორტუგალიური კლუბი რუსების წინადადებას ერთწლიან იჯარაზე დათანხმდა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა რუსეთში გამგზავრებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, პროტესტი გამოთქვა მის მიმართ გუნდის მწვრთნელ რუბენ ამორიმის უსამართლო დამოკიდებულების გამო“, – წერს გამოცემა.
„სპორტინგის“ მენეჯმენტმა რისტოვსკის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ შეატყობინა და ახლა ის „სპორტინგის“ მეორე გუნდში, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს.
სტეფან რისტოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საქართველს ნაკრებთან 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გოლიც გაიტანა.