ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის ძალების შტაბი - სანტა კლაუსმა საშობაოდ 4.7 მილიარდი საჩუქარი დაარიგა

სანტა კლაუსმა საშობაოდ 4.7 მილიარდი საჩუქარი დაარიგა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. აღნიშნული შტაბის წევრები გუშინ ღამით სანტას და მისი მარხილის მოძრაობას აკვირდებოდნენ.

ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ შობის ღამეს სანტას მარხილს ავიაგამანადგურებლებიც იცავდნენ.

სანტას გადაადგილებისთვის თვალის დევნება ერთ-ერთი საშობაო ტრადიციაა, რომელსაც აშშ-ში 1955 წლიდან მისდევენ. მხიარულ გასართობში, სამხედროებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტიც ერთვება ხოლმე. დონალდ და მელანია ტრამპებს ეს ტრადიცია არ დაურღვევიათ და ამერიკელი ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ტრამპმა ერთ-ერთ ბავშვთან საუბრის დროს შეცდომა დაუშვა, დაუწერელი კანონი დაარღვია და ბავშვს ჰკითხა – კიდევ სჯერა თუ არა მას სანტა კლაუსის. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით სწრაფად გავრცელდა.