ჩოგბურთში „მასტერსების“ ხანგრძლივობა 12 დღემდე გაიზრდება #1TVSPORT
ჩოგბურთში „მასტერსების“ ხანგრძლივობა 12 დღემდე გაიზრდება #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტმა ანდრეა გაუდენციმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოზე მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ „მასტერსის“ სერიის ტურნირების ხანგრძლივობა 12 დღემდე გაიზრდება.

გარდა ამისა, შემუშავდება შემოსავლისა და საპრიზო თანხების განაწილების ახალი ფორმულა. აღნიშნული ცვლილებები მამაკაცთა პროფესიული ტურის 30-წლიანი განვითარების ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენ შევცვლით ტურნირებსა და მოთამაშეებს შორის შემოსავლის განაწილების პრინციპებს, 12 დღემდე გავზრდით „მასტერსების“ ხანგრძლივობას და ავწევთ საპრიზო თანხებს. ცვლილებები 2023 წლიდან შევა ძალაში“, – განაცხადა გაუდენციმ გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აქამდე 12 დღე მხოლოდ ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსები“ გრძელდებოდა, ამ სერიის სხვა ტურნირები კი ერთი კვირის ვადაში ეტეოდა.