ჩოგბურთში 73 ჩაწყობილი მატჩის ორგანიზატორებმა 3.6 მილიონ ევრო გამოიმუშავეს
ესპანურმა გაზეთმა „კონფიდენსიალმა“ გამოაქვეყნა იმ გამოძიების შედეგები, რომელიც მამაკაცთა ჩოგბურთში ჩაწყობილი თამაშების ორგანიზაციას შეეხებოდა.
დადგენილია, რომ დანაშაულის მონაწილე იყო 25 ადამიანი, მათ შორის, მოთამაშეები. საკუთარი გეიმის წაგების ფასი შეადგენდა ათას ევროს, მატჩის დათმობა – 5 ათას ევროს. ცალკე შეთანხმება დგებოდა ორმაგ შეცდომებზე.
აღნიშნავენ, რომ ბუკმეიკერები იყენებდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს. ერთი წლის განმავლობაში, ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა 3 600 000 ევრო გამოიმუშავა. ამ დროში იყო ორგანიზებული 73 ჩაწყობილი მატჩი. მათგან უმეტესი ნაწილი ჩატარდა ესპანეთში, ასევე თამაშები გაიმართა საფრანგეთში, თურქეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, მაროკოში, ტუნისში, უკრაინასა და პორტუგალიაში.
ამ გამოძიების პროცესში შარშან დააპატიმრეს მარკ ფორნელ-მესტრესი, რომელსაც ჩვენება ჩამოართვეს. მისი ინფორმაციით, დანაშაულებრივ მოქმედებაში ჩათრეული იყო 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი წყვილებში, ესპანელი მარკ ლოპესი.