ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 122 ადამიანი. ინფორმაციას ​ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:50 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ჩანინიდან 19 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

მოგვიანებით, ამავე რაიონში დაფიქსირდა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, დანგრეულია რამდენიმე სახლი, დაზიანებულია ავტომაგისტრალები. შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში გაგზავნეს კარვები და პირველადი საჭიროების ნივთები. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.