ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

08:56, 28.01.2020

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და კორონავირუსი დადასტურებულად 4 515 ადამიანს აქვს. ჩინეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 976 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული და რესპირატორული პრობლემების მქონე იყო.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლება მგზავრობაზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს.

ჩინეთის ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუმუშავებია უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაყვანის გეგმა ხუბეის პროვინციიდან, რომელიც ინფექციის გავრცელების ეპიცენტრია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ვირუსის მეოთხე გამოვლინებაა.

მსგავსი