ჩინელი მაღალჩინოსანი - აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებში ჩარევა
ჩინელი მაღალჩინოსანი - აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებში ჩარევა

აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებში ჩარევა, – ამის შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა, იან ცზეჩიმ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, იან ცზეჩიმ თქვა, რომ ჰონგ-კონგის, ტიბეტისა და სინცზიან-უიღურების ავტონომიური რაიონის საკითხები ხელშეუხებელია და მათში ჩარევამ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებს და აშშ-ის ინტერესებს შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს. იან ცზეჩის თქმით, პეკინი არასდროს ჩარეულა აშშ-ის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნებში.

„ჩინეთი არასოდეს მონაწილეობდა იდეოლოგიურ დაპირისპირებაში, არასდროს უცდია შეერთებული შტატების პოზიციის გამოწვევა ან დაკავება, არასდროს განუზრახავს გავლენის სფეროს დაყოფა. ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს, პატივი სცეს ერთმანეთის მნიშვნელოვან ინტერესებსა და პრობლემებს, პატივი სცეს ერთმანეთის არჩეულ პოლიტიკურ სისტემას და განვითარების გზას“, – განაცხადა იან ცზეჩიმ.