ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ „სინოვაკის“ ვაქცინა ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინა ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სამხრეთამერიკულ ქვეყანას ასევე მაისიდან დამტკიცებული აქვს „ფაზიერის“ ვაქცინა 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
„ეს არის შესანიშნავი ამბავი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც არ მოიცვა ვაქცინაციის წინა გეგმებმა“, – განაცხადა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა, ენრიკე პარისმა.
ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ მოწვეული შემფასებელი კომისიის ექსპერტებიდან ხუთმა მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებას, ორმა ხმა მისცა აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრას, ხოლო ერთმა აღნიშნული პრეპარატით ბავშვების აცრის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ჩინური კომპანია „სინოვაკის“ მიერ წარმოებულ ვაქცინა „კორონავაკს“ ასევე ბავშვებში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიღებული აქვს ინდონეზიასა და ჩინეთში.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ჩილეს ვაქცინაციის კამპანია ემყარება „სინოვაკის“ ვაქცინას. ქვეყნის 19 მილიონი მცხოვრებიდან სრულად აცრილია 13 მილიონი ადამიანი. სულ ადმინისტრირებულია „სინოვაკის“ 19,49 მილიონი დოზა.
ჩილეში ბოლო რამდენიმე კვირაა, ინფიცირების მაჩვენებლის კლება შეინიშნება. 6 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 435 ახალი შემთხვევა აღირიცხა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩილეში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1,6 მილიონი შემთხვევა, გარდაიცვალა 37 108 ადამიანი.