ჩილეს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა
ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ცეცხლი წაუკიდეს ტანსაცმლის მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტს და სასტუმროს. უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს.
აქციების ფონზე, ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამ რვა მინისტრი, მათ შორის შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მასობრივი არეულობის გამო, ჩილეს ბიზნესის ზარალი 1.4 მილიარდ დოლარს აღწევს. მიმდინარე თვეში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
ჩილეში აქციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის გამო დაიწყო. დემონსტრანტებმა მოგვიანებით გადასახადების შემცირება და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა მოითხოვეს. აქციების დროს რადიკალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა არაერთ შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ჩილეს ქალაქებში სავაჭრო ობიექტების ძარცვის ფაქტები გახშირდა.