საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და მწვრთნელები ჭიდაობის ფედერაციასთან შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
ჟურნალისტებთან ისაუბრა მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ.
„მხარდაჭერას ვუცხადებთ ფედერაციის პრეზიდენტს. არავისთვის არავის დაუძალებია აქ მოსვლა, ყველა თავის ნებითაა. რაც მოხდა ძალიან ცუდია. იყო მცდელობა, რომ მხარეები შერიგებულიყვნენ. დამსხდარიყვნენ და ყველაფერი განგვეხილა, რათა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. აღნიშნული არ მოინდომა მეორე მხარემ (ზურაბ დათუნაშვილმა)“, – თქვა მან.
კითხვაზე, უნდა შეინარჩუნოს თუ არა გიორგი გეგეშიძემ თანამდებობა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელი პასუხობს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის –
„თითოეულ დეტალს შეისწავლის აღმასკომი, პრეზიდიუმი და მიიღებენ გადაწყვეტილებას.“
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა, ნუგზარ სხირელმაც გააკეთა.
„ფედერაციის პრეზიდენტი ქვემოთ საჩხუბრად არ ჩასულა. ჩავიდა, რომ განემუხტა მდგომარეობა. მეგობრულად მოკიდა ხელი, რომ სიტუაციისთვის გაერიდებინა. ის შემოტრიალდა და შეურაცხყოფა მიაყენა. ჭიდაობის სამყარო გვერდში უდგას პრეზიდენტს. ზურა დათუნაშვილი გოჩა ჩორგოლიანის მიერ არის მართული, რომელიც თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანია. თუკი დათუნაშვილის წარსულს გადახედავთ, მას საერთაშორისო ჩემპიონატებზეც სულ პრობლემა აქვს“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.