გიორგი იანტბელიძე - ჭიდაობის ფედერაციაში არანაირი გარიგებები არ არის
გიორგი იანტბელიძე - ჭიდაობის ფედერაციაში არანაირი გარიგებები არ არის

ჭიდაობის ფედერაციაში არანაირი გარიგებები არ არის, – ეს განცხადება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა. საუბარია ევროპის ჩემპიონის განცხადებაზე, რომელშიც დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ პროცესები გამჭვირვალეა. ასევე, როგორც გიორგი იანტბელიძემ აღნიშნა, სასურველი იქნებოდა, მოვლენები ჩიხში არ შესულიყო და ინციდენტი გუნდის შიგნით გადაწყვეტილიყო.

„სამართალდამცველები ყველაფერს გაარკვევენ. არანაირი კორუფცია არ არის. სამართალდამცველები მოსულები იყვნენ, დაგვკითხეს. მეც ვიყავი მისული იქ, დამკითხეს ინციდენტთან დაკავშირებით. პრეზიდიუმის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ თავიდანვე საბჭოს დალოდებოდა ეს ყველაფერი და მოვლენები ჩიხში არ წასულიყო, საბჭოს გადაეწყვიტა ყველაფერი, შიდა ოჯახში გადაწყვეტილიყო და კარგად დამთავრებულიყო“, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

გიორგი იანტბელიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ზურაბ დათუნაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ფედერაციაში დაპირისპირების შედეგად, მან შეიძლება, საქართველო დატოვოს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, თითოეული სპორტსმენის მიერ საქართველოს დატოვება არასასურველია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის ზურაბ დათუნაშვილის მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.

„არანაირი გარიგებები არ არის ფედერაციაში. ჩართულები არიან ყველანი, სამართალდამცველები. ყველაფერი არის გამჭირვალე. ასე რომ, იქ არანაირი გარიგებები არ არის. თუ წავა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა თითოეული სპორტსმენის წასვლა ქვეყნიდან არასასიამოვნოა, როდესაც ქვეყანამ ასე აღზარდა და ჩამოაყალიბა. ამდენი დაახარჯა სპორტსმენს, ამდენი ხელი შეუწყო, რომ ის გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი და ახლა წავიდეს, ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო“, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ იაკობაშვილმაც. ზურაბ დათუნაშვილის ბრალდებებს არც ის ადასტურებს და ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ ევროპის ქართველი ჩემპიონი საქართველოს სახელით გააგრძელებს ასპარეზობას.

„არ ვიცი. მე პირადად გარიგებასთან არ მქონია შეხება და ვერ გეტყვით ამას. ჩემი აზრით, არ უნდა დატოვოს ქვეყანა და სადაც ცხოვრობს, დაიბადა და გაიზარდა, იმ ქვეყნის სახელით უნდა გააგრძელოს გამოსვლა. ვისურვებდი მშვიდობიანად მოგვარებას და ეტაპობრივად ჩადგომას, როგორც ვარჯიშობდა და ემზადებოდა სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის და მედლებსა და ტიტულებს იღებდა საქართველოდან“, – განცხადა ზურაბ იაკობაშვილმა.

გიორგი იანტბელიძის 13-კაციანი ნაკრები ანრი დელაგინის სახელობის საერთაშორისო ტურნირიდან გამთენიისას დაბრუნდა. სპორტსმენებმა თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ქართულმა ნაკრებმა გუნდური ჩათვლაც უკონკურენტოდ მოიგო, რისთვისაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა.