ჩეხეთის რადიო - ბაშიროვი და პეტროვი სერგეი სკრიპალს 2014 წელს ჩეხეთში უთვალთვალებდნენ
რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები რუსლან ბაშიროვი და ალექსანდრ პეტროვი სერგეი სკრიპალს 2014 წელს ჩეხეთში უთვალთვალებდნენ, -ამის შესახებ ჩეხური რადიო იუწყება.
რადიოს ცნობით, სოლსბერიში მოწამვლამდე 3-ნახევარი წლით ადრე ბაშიროვი და პეტროვი ჩეხეთში ჩავიდნენ. ამავე პერიოდში ჩეხეთში გამგზავრებას აპირებდა ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალიც, ის ჩეხ ოფიცრებს უნდა შეხვედროდა, რომლებსაც რუსი ჯაშუშების ამოცნობაში ეხმარებოდა.
ჩეხეთის რადიო აცხადებს, რომ ალექსანდრ პეტროვი ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში 2014 წლის 13-16 ოქტომბერს იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის პრაღაში გაემგზავრა. სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებული ბაშიროვი კი, ჩეხეთის დედაქალაქში 11 ოქტომბერს ჩავიდა. მათი ვიზიტი ჩეხეთის სპეცსამსახურებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
თავად სერგეი სკრიპალი ჩეხეთში 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩავიდა.
ჩეხეთის უშიშროების სამსახურში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რუსლან ბაშიროვსა და ალექსანდრ პეტროვს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს. ლონდონი ამტკიცებს, რომ ორივე მათგანი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია.