Carnegie Endowment ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს
Carnegie Endowment ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს

Carnegie Endowment აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს.

მასალაში მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული და საუბარია, რა ნიშნით მიიწვიეს ესა თუ ის ქვეყანა 9-10 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე.

მიწვეულ სახელმწიფოების სია მოიცავს ლიბერალურ, სუსტ დემოკრატიებსა და რამდენიმე ქვეყანას ავტორიტარული დახასიათებით, როგორებიც არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პაკისტანი.  ქვეყნების შეფასება „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშს ეფუძნება.

სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება.

„ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო. ამას გარდა, საქართველო დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით. ამავე ჯგუფში, ყველაზე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის დასახელებული არიან სომხეთი, ეკვადორი და ნიგერი. სამიტზე დაპატიჟებულ სახელმწიფოებს შორის რვა ქვეყანა დემოკრატიის რეიტინგის უკიდურესად დაბალ საფეხურზეა, რაც მათ მიწვევასთან დაკავშირებით საგანგაშო კითხვებს ბადებს. ეს ქვეყნებია ანგოლა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერაყი, კენია, მალაიზია, პაკისტანი, სერბეთი და ზამბია. კიდევ ოთხი მიწვეული ქვეყანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტოკრატიზაციის გაზრდილი დონისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი შემცირების გამო. ესენია: ბრაზილია, ინდოეთი, ფილიპინები და პოლონეთი. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ასეთი მასშტაბური დიპლომატიური შეკრებისთვის მონაწილეთა შერჩევა რთული პროცესია და საბოლოო სიის ჩამოყალიბება იყო უფრო ბიუროკრატიული და უწყებათაშორისი მუშაობის შედეგი.

პუბლიკაციის ავტორის, სტივენ ფელდშტაინის მოსაზრებით, მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იყო რეგიონული დინამიკა, ასევე აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები. სტატიის თანახმად, პაკისტანი, ფილიპინები და უკრაინა არასრულყოფილი დემოკრატიებია ენდემური კორუფციით და კანონის უზენაესობის დარღვევებით. ამასთან, ისინი არიან აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ჩინეთის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას (ფილიპინები), რუსეთის მხრიდან ხელყოფისთვის წინააღმდეგობას (უკრაინა) ან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას (პაკისტანი). ამასთან, გარკველი ქვეყნების შერჩევისას გარკვეული როლი ითამაშა ზიანის არმიყენების დემოკრატიულმა ტესტმა. მაგალითისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უნგრეთისა და თურქეთის არმიპატიჟება შესაძლოა, ეფუძნებოდეს იმას, რომ ბაიდენს არ სურს, წვლილი შეიტანოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელახლა არჩევის შანსების დახმარებაში. სამიტში მონაწილეთა ქვეყნების სიის გათვალისწინებით, ასევე იკვეთება, რომ მიპატიჟებულთა შორის არიან რეფორმებზე ორიენტირებული ხელმძღანელობები, ის ქვეყნები, სადაც პოზიტიური ტრაექტორია შეინიშნება, მაგალითად ანგოლა, კონგო ზამბია. ასევე ის სახელმწიფოები, სადაც დაგეგმილი არჩევნების შედეგად არსებობს ცვლილებების პოტენციალი – კენია და ფილიპინები, სადაც 2022 წელს არჩევნებია დაგეგმილი და ბაიდენის გუნდი შესაძლოა, იმედოვნებს, რომ სამიტში ჩართულობამ პოზიტიურად გააძლიეროს მათი პოლიტიკური გარდაქმნა. დიდმა დემოკრატიებმა ზოგადად მიწვევა მიიღეს, იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით უკუსვლა შეინიშნებოდა. ბრაზილია, ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია და პაკისტანი განიცდიან სერიოზულ დემოკრატიული უკუსვლას, პოპულისტურ პოლიტიკას და რეგულარულ პოლიტიკურ ძალადობას. თუმცა ამ ქვეყნებს აქვთ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან რეგიონულ ეკონომიკებს და აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა საერთაშორისო ასპარზზე.

ბაიდენის გუნდი გეგმავს, რომ დეკემბერში დაგეგმილი სამიტი იქნება პირველი ნაბიჯი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული „მოქმედების წლის“ ფარგლებში.

დატოვე კომენტარი