დონალდ ტრამპი – ერთადერთი, რასაც ჯო ბაიდენმა ავტომატური ფაქსიმილეს გარეშე მოაწერა ხელი, იყო ჰანტერ ბაიდენის შეწყალება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ჯო ბაიდენმა ავტომატური ფაქსიმილეს გარეშე მოაწერა ხელი, იყო თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, რესპუბლიკური პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, სულ მცირე, 650 მილიარდი დოლარი უნდა შევიდეს გაზრდილი ტარიფების შედეგად. მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ეკონომიკაში დამატებითი 39 მილიარდი დოლარი შევიდა, რაც „ტარიფების დამსახურებაა“.
„იცით, არასწორი პრეზიდენტი თუ გყავთ, არაფერი არის კარგი. ტარიფები ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. ეს ოთხი წლის განმავლობაში ვნახეთ. გვყავდა ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, გააკეთა ყველაზე ცუდი სამუშაო. მათ ჰქონდათ ყველაზე ცუდი პოლიტიკა. დიახ, ახლა კი უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანების წინააღმდეგ. არ ვიტყვი, რომ გააუქმოთ არჩევნები, რადგან ყალბი ახალი ამბები იტყვიან, მსურს, არჩევნები გაუქმდეს, იტყვიან, ის დიქტატორიაო. ისინი ყოველთვის მეძახიან დიქტატორს. არავინაა ობამაზე უარესი. არ ვიტყვი ამას ბაიდენზე, რადგან ვფიქრობ, მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რა ხდებოდა. არჩევნები გაყალბებული იყო. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა, ავტომატური ფაქსიმილე ჰქონდა. სხვათა შორის, დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ ავტომატურ ფაქსიმილეს. ავტომატური ფაქსიმილე იყო თქვენი პრეზიდენტი, რადგან უმეტესობა დოკუმენტებისა ხელმოწერილი იყო ავტომატური ფაქსიმილეთი. ვფიქრობ, 95% იყო ხელმოწერილი ავტომატური ფაქსიმილეთი. ერთადერთი, რასაც მან მოაწერა ხელი – რაც კარგია – იყო ჰანტერის შეწყალება. ეს არის მის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი დოკუმენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ“, – განაცხადა ტრამპმა.