დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის მესიჯები, სადაც განიხილება შეთქმულება ბაიდენის ხელახლა ასარჩევად ფულის გადასამისამართებლად
აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის მესიჯები, სადაც განიხილება შეთქმულება ბაიდენის ხელახლა ასარჩევად ფულის უკან გადასამისამართებლად, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში და აზიარებს ინტერნეტგამოცემა Just The News-ის ამავე სახელწოდების სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ტულსი გაბარდმა შეიტყო დაზვერვის სააგენტოს მიერ 2022 წელს მოპოვებული ჩანაწერების შესახებ, სადაც სავარაუდო შეთქმულების შესახებ მოპოვებული დაუმუშავებელი ჩანაწერების შეჯამებაა წარმოდგენილი.
კერძოდ, უკრაინის მთავრობის კომუნიკაციების დაუმონტაჟებელი, დაუმუშავებელი მასალებია შენახული და ამ კომუნიკაციებიდან ირკვევა, თუ როგორ განიხილებოდა გეგმა, სუფთა ენერგიის პროექტისთვის განკუთვნილი თანხების 90 პროცენტი უკან, აშშ-ში გადაეგზავნათ, კერძოდ, ჯო ბაიდენის 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფონდში.
სტატიის თანახმად, ტულსი გაბარდმა აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს“ დაავალა, გაცნობოდნენ ამ ანგარიშს და დაედგინათ, რეალურად განხორციელდა თუ არა შეთქმულება და უნდა მოხდეს თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) მასალების გადაგზავნა.
სტატიის ავტორი წერს, რომ გაბარდის გუნდმა ვერ აღმოაჩინა არსებითი მტკიცებულებები, რომ ეს მოპოვებული ბრალდებები სათანადოდ იყო გამოძიებული ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ამასთან, იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ფაილებს გაეცნენ, განაცხადეს, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობდა საკმარისი ინტერესი, რომ გამოეძიებინათ ასეთი სენსაციური ბრალდება აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ.
„უკრაინის მთავრობამ და აშშ-ის მთავრობის თანამშრომელმა, რომელიც დასახელებული არ არის, USAID-ის საშუალებით კიევში, როგორც ჩანს, შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ასობით მილიონ დოლარს გამოყოფდნენ უკრაინაში ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად, რაც გამოყენებული იქნებოდა შესანიღბად, რათა ამ თანხის დაახლოებით 90 პროცენტი გაეგზავნათ დემოკრატიულ პარტიაში და დაეფინანსებინათ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანია“, – ნათქვამია გასაჯაროებული ჩანაწერების შეჯამებაში.