ბუკინგემის სასახლე – მეფემ ნათლად გამოხატა ღრმა შეშფოთება მაუნტბატენ-უინძორის ქმედებებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, პოლიცია თუ მოგვმართავს, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

22:38, 09.02.2026

ბუკინგემის სასახლე მზადაა, მხარი დაუჭიროს პოლიციას ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის ბრალდებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„მეფემ სიტყვიერად და უპრეცედენტო ქმედებებით ნათლად გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება ბატონი მაუნტბატენ-უინძორის ქმედებებთან დაკავშირებით გამოვლენილი ბრალდებების გამო. თუ პოლიცია მოგვმართავს, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეფე ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები გაუზიარა ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს, რომელიც აშშ-ში სექსუალური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფაილები მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეპშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ მისი ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს.

კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია. კიდევ ერთი წერილი აჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, მაუნტბატენ-უინძორი ეპშტეინს უზიარებს კონფიდენციალურ ინფორმაციას ავღანეთში ინვესტიციების შესახებ.

მსგავსი