„როიტერი“ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთი სხვადასხვა მტრულ ქმედებაში დაადანაშაულა, რომლებიც მოსკოვის შეფასებით, „ღია ომის გაჩაღების ზღვარზეა“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთი სხვადასხვა მტრულ ქმედებაში დაადანაშაულა, რომლებიც მოსკოვის შეფასებით, „ღია ომის გაჩაღების ზღვარზეა“. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე მოსკოვში ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, რათა მისთვის ტალინის გადაწყვეტილების გამო, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ოფიციალური პროტესტი გადაეცათ.
„ესტონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ ამგვარი პროვოკაციული და უკიდურესად სახიფათო ქმედებები რუსეთთან ღია ომის გაჩაღების ზღვარზეა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბრალდებების ჩამონათვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესტონეთმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით ფარულად სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.
მოსკოვმა ასევე ტალინი ასევე დაადანაშაულა ბალტიის ზღვაში რუსული სატვირთო გემების გადაადგილებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში, რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვაში, რუსული ენის გამოყენების აკრძალვის მცდელობასა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახურვით მუქარაში.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს კომპლექსური პოლიტიკური და დიპლომატიური ზომები, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და მისი მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვისკენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში უარყო რუსეთის ბრალდება, რომ უკრაინას ესტონეთის ტერიტორიის სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
„როგორც წესი, რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივებს კომენტარს არ ვუკეთებთ და მათთან დისკუსიაში არ შევდივართ, თუმცა ამ შემთხვევაში შეგვიძლია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ესტონეთს არასდროს დაუშვია და არც მომავალში დაუშვებს, რომ სხვა ქვეყანამ მისი ტერიტორია სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენოს“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ესტონეთი პირველი დეკემბრიდან რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას გეგმავს, სულ მცირე, ექვსი თვით. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტალინმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები ესტონეთის თავდაცვის სფეროს კომპანიის შენობაში ხანძრის განზრახ გაჩენის მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. რუსეთი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.