ბუდაპეშტი 2020 | წყალბურთში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საფრანგეთთან ხვალ გამართავს
ბუდაპეშტში რიგით 34-ე ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში მამაკაცთა შორის სტარტს ხვალ აიღებს. ზედიზედ მეოთხე ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე გამოვა საქართველოს ნაკრებიც.
ჩვენი წყალბურთელების დებიუტი 2014 წელს სწორედ ბუდაპეშტი გამართულ ტურნირში შედგა, სადაც ჩვენი გუნდი ბოლო, მე-12 ადგილზე გავიდა. 2016 წლიდან ფინალურ სტადიაზე მონაწილე ნაკრებთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა და საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრი მე-14 პოზიციაზე დაასრულა. ამავე ასპარეზობაში მოახერხეს ჩვენებმა პირველი გამარჯვების მოპოვება თურქეთთან – 12:11. მანამდე იყო ფრე და მარცხი პენალტების სერიაში ნიდერლანდებთან.
2018 წელს ბარსელონაში ქართველმა წყალბურთელებმა უკვე ორი მატჩის მოგება შეძლეს და მე-13 ადგილზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა სულ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 19 მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 15 წააგო. ბურთების შეფარდება 134:233.
2020-ის საგზურის მოპოვება რევაზ ჩომახიძის გუნდმა თბილისში გამართულ კვალიფიკაციაში შეძლო, როცა შვეიცარიას და გერმანიას აჯობა.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი უნგრეთის ნაკრებია. ისინი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 12-ჯერ ავიდნენ. მე-20 საუკუნეში ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები დომინირებენ. ცხრიდან შვიდი გათამაშება იუგოსლავიის, სერბეთის, მონტენეგროს და სერბეთის ნაკრებმა გუნდებმა მოიგეს. ბოლო ოთხი ჩემპიონატია, ისინი პირველობას არავის უთმობენ. 2008 წელს მონტენეგრომ, 2010 წელს კი ხორვატებმა იზეიმეს წარმატება.
2020-ის ევროპაზე ოთხ ჯგუფში განაწილებული 16 გუნდი ითამაშებს. A ჯგუფი: ხორვატია, მონტენეგრო, გერმანია, სლოვაკეთი; B ჯგუფი: სერბეთი, რუმინეთი, რუსეთი, ნიდერლანდები; C ჯგუფი: უნგრეთი, ესპანეთი, მალტა, თურქეთი; D ჯგუფი: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო.
ჯგუფებში პირველადგილოსნები პირდაპირ ¼-ფინალში გავლენ. მეორე-მესამეები კი მერვედფინალში ითამაშებენ. ამ ეტაპზე წაგებულები მე-9-მე-12 ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფების აუტსაიდერები კი მე-13-მე-16 ადგილებისთვის ჩაატარებენ პლეიოფის მატჩებს.
წყალბურთელთა შეხვედრები 2017 წელს აშენებულ დუნაი-არენაზე გაიმართება, რომელიც 12.500 მაყურებელს იტევს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სამშაბათს, 14 იანვარს, 19:00 საათზე, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.
წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის განრიგი