„ბრივი“ „ტოპ 14“-ში დაბრუნდა - ოთარ გიორგაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ლელო დადო [ვიდეო]
საფრანგეთის „ტოპ 14“-ში დაწინაურება/დაქვეითების მატჩში ერთმანეთს „გრენობლი“ და „ბრივი“ დაუპირისპირდნენ. ქართველების „ბრივმა“ მეტოქე ანგარიშით 28:22 დაამარცხა და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. ვასილ ლობჟანიძე და კახა ასიეშვილი „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო სოსო ბეკოშვილი და ოთარ გიორგაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ. „გრენობლის“ შემადგენლობაში დავით ქუბრიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა ითამაშეს.
მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა ერთმანეთს ორ-ორი ლელო დაუდეს. „ბრივის“ შემადგენლობაში თავი ჰირშემ და რომანემ გამოიჩინეს. „გრენობლის“ მხრიდან ორივე ლელო ჟერმენის ანგარიშზე იყო – 14:12.
44-ე წუთზე მარკესმა „ბრივის“ ორქულიანი უპირატესობა მორიგი ლელოთი გაზარდა. ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით კვლავ ჟერმენმა შეამცირა, თუმცა 76-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო ოთარ გიორგაძემ დაამიწა და საკუთარ გუნდს გამარჯვება გაუნაღდა. დარჩენილ დროში „გრენობლი“ გააქტიურდა და ერთი ლელოს გაქვითვა გილემინმა მოახერხა. საბოლოო ანგარიში – „ბრივი“ 28:22 „გრენობლი“.