პირველად ტრანსფერის შემდეგ - კოხრეიძე „გრენობლის“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT
პირველად ტრანსფერის შემდეგ - კოხრეიძე „გრენობლის“ სამატჩო განაცხადშია #1TVSPORT

გიორგი კოხრეიძე „გრენობლ ფუტ 38“-ის დღევანდელი მატჩის განაცხადში და დებიუტის მოლოდინშია – „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი და ყოფილი კაპიტანი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.

თბილისის „საბურთალოს“ თავდამსხმელის ფრანგულ კლუბში გადასვლა ივნისში გადაწყდა. „გრენობლმა“ გიორგი კოხრეიძესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისთვის ეს პირველი უცხოური კლუბია. 22 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვა კლუბში არც უთამაშია. გიორგიმ თბილისური კლუბის მაისურით 156 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი ლევან სეთურიძემ განახორციელა, რომლის მონაწილეობითაც გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადავიდა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი – „ლევანტეში“.

კოხრეიძეს მძიმე ტრავმა ჰქონდა და საფრანგეთში მისი ტრანსფერი ისე გადაწყდა, მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. საწყისი ტურის მატჩები ამიტომ გამოტოვა.

ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები გიორგი კოხრეიძე იმედოვნებს, რომ „გრენობლში“ ათამაშდება და დადგება დრო, საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურსაც მოირგებს.

საფრანგეთის ლიგა2-ის მე-9 ტურის შეხვედრა „გრენობლსა“ და „ნანსის“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 8 ტურის შემდეგ „გრენობლმა“ მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და კიდევ ორ გუნდთან ერთად მე-14-16 ადგილებს იყოფს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „გრენობლმა“ გასულ სეზონში 65 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. 2018/19 წლების სეზონში ამ გუნდის რიგებში ჯაბა ჯიღაური თამაშობდა.