ბრაზილიის გრან პრი - ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპის წინათქმა
ბრაზილიის გრან პრი - ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპის წინათქმა

ბრაზილიის გრან პრი კალენდარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1972 წელს ემერსონ ფიტიპალდიმ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქვეყანაში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ბრაზილიელი პილოტის ტრიუმფის წელს სან პაულუში საჩვენებელი რბოლა მოეწყო, მომდევნო წელს კი აღნიშნული გრან პრი კალენდარში ოფიციალურად ჩასვეს და მას შემდეგ აღარც ამოუღიათ. 80-იან წლებში რბოლები რიო დე ჟანეიროში იმართებოდა. ამ პერიოდში მოხდა სან პაულუს ავტოდრომის განახლება. 90-იან წლებში ფორმულა 1 ინტერლაგოსში (სან პაულუს გარეუბანი) დაბრუნდა.

1973 წლიდან დღემდე არ ჩატარებულა ჩემპიონატი, სადაც ბრაზილიის გრან პრის სტარტზე ადგილობრივი პილოტი არ იდგა. ჯერ იყვნენ ემერსონ და ვილსონ ფიტიპალდები, ჟოზე კარლუს პასე, შემდეგ აირტონ სენა და ნელსონ პიკე. ამას მოჰყვნენ რუბენს ბარიკელო და ფელიპე მასა. წელს კი ეს სერია შეწყდება. პირველად ისტორიაში ბრაზილიის გრან პრის სტარტზე არც ერთი ბრაზილიელი მრბოლელი არ იქნება.

71 წრე – თითო 4.309 კმ, ჯამში 305.909 კმ, 15 მოსახვევი – ეს სან პაულუს ტრასის მონაცემებია. ავტოდრომი 800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მას ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვს. აქ ბოლიდები საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, რაც პილოტებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ეს დისკომფორტი კი კისერზე მათთვის უჩვეულო მიმართულებით ზეწოლას გულისხმობს. კიდევ ერთი განმასხვავებელი დეტალი ტრასის ფინალური მონაკვეთია. ის ძალიან სწრაფია, ამიტომ რესტარტამდე მეტოქის ჩამოშორება აქ გაცილებით რთულია.

ინტერლაგოსში ბევრი სწრაფი და ნახევრადსწრაფი მოსახვევია, რაშიც, ტრადიციულად, საუკეთესო შედეგს „რედ ბულის“ მანქანები აჩვენებენ. თუმცა გრძელი და სწორი სტარტ-ფინიში უფრო იმ გუნდებს აძლევს უპირატესობას, რომელთა ბოლიდებს გაცილებით მძლავრი ძრავა აქვთ. მიუხედავად ამისა, წინასწარ რამის თქმა ძნელია, რადგანაც წელს ძრავებისადმი უფრო „მომთხოვნ“ ტრასებზეც კი ვიხილეთ თანაბარი ბრძოლები. ბრაზილიაში გამარჯვების შანსი სამ უძლიერეს გუნდს თითქმის ერთნაირად აქვს.

მრბოლელთა შორის ჩემპიონი უკვე გამოვლინდა, თუმცა რჩება კონსტრუქტორთა დავა, რომლისთვისაც „მერსედესი“ და „ფერარი“ ისევ იბრძვიან. უპირატესობა გერმანული საჯინიბოს მხარესაა, თუმცა ერთმა წარუმატებლობამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ლუის ჰემილტონი კი სან პაულუს ტრასაზე წარმატებით ვერ ასპარეზობს. 11 წლის მანძილზე ბრიტანელმა აქ მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება (2016).

სებასტიან ფეტელი ჩემპიონი ვეღარ გახდება, მაგრამ ბრაზილიის გრან პრიზე, აშკარად ჩაგდებული რბოლების შემდეგ, რეაბილიტაციას შეეცდება. მიმდინარე ჩემპიონატზე გამარჯვება მან ბოლოს ზაფხულში, ბელგიაში მოიპოვა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოგება აუცილებლად სჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიის გრან პრი გუნდებსაც და გულშემატკივარსაც სიურპრიზებს ხშირად სთავაზობს. აქ არც თუ ისე იშვიათად იმარჯვებენ ის პილოტები, რომლებიც ფავორიტთა შორის არ არიან. ბოლო 7 წელიწადში ინტერლაგოსში 5-მა სხვადასხვა მრბოლელმა მოიპოვა გამარჯვება. ამიტომ ამ ეტაპის წინ პროგნოზებს თითქმის არასდროს აკეთებენ.