15 მაისს სანტოსში (ბრაზილია) ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს მავზოლეუმი გახსნეს.
მავზოლეუმის მონახულება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 9-დან 12 საათამდე და 14-დან 18 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ შესვლა უფასოა, საჭიროა ნეკროპოლის ვებგვერდზე ვიზიტის დროის მითითება.
კუბო პელეს სხეულით მოათავსეს სპეციალურ მავზოლეუმში ნეკროპოლ „ეკუმენიკალის“ ტერიტორიაზე, რომელიც „ფეხბურთის მეფემ“ ადრე თავად აირჩია. ეს ნაგებობა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაო მსოფლიოში.
დარბაზში შესასვლელი მორთეს ბრაზილიისა და „სანტოსის“ დროშებით. ასევე, იქ განთავსებულია პელეს ოქროსფერი ქანდაკება.
პელე გასული წლის 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.