ბორის ჯონსონმა ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი სტალინს შეადარა
ბორის ჯონსონმა ოპოზიციის ლიდერი ჯერემი კორბინი სტალინს შეადარა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი იოსებ სტალინს შეადარა. ასეთი შედარება ბრიტანეთის პრემიერმა გამოცემა „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ წერილში გააკეთა, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება.

სტატიაში ბრიტანეთის პრემიერმა ოპონენტები ეკონომიკური დღის წესრიგისთვის გააკრიტიკა. ჯონსონი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მხარი უნდა დაუჭიროს ბიზნესსა და „სიმდიდრის შემქმნელებს“.

„ჩვენ ვგულშემატკივრობთ მათ (ბიზნესმენებს), რადგან მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ჯერემი კორბინის ხელმძღვანელობით თანამედროვე ლეიბორისტული პარტიის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მათ შინაგანად ისე სძულთ შემოსავლის მიღების მოტივი და ისე უსაზღვროდ გაზრდიან გადასახადებს, რომ გაანადგურებენ ამ ქვეყნის კეთილდღეობის მთელ საფუძველს. ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მათი სიძულვილი მიმართულია მხოლოდ კონკრეტული მილიარდერების მიმართ და ისინი თითს იშვერენ ადამიანებისკენ ისეთი სიამოვნებითა და შურისძიებით, როგორც არავის უნახავს მას შემდეგ, რაც სტალინი კულაკებს დევნიდა“, – წერს ბორის ჯონსონი.

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.