ბორის ბეკერი - ციხეში ერთ პატიმარს ჩემი მოკვლა სურდა #1TVSPORT
ბორის ბეკერი - ციხეში ერთ პატიმარს ჩემი მოკვლა სურდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, გერმანელი ბორის ბეკერი დიდი ბრიტანეთის ცოხიდან გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც მოხდა მისი დეპორტაცია გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ ბეკერს ამა წლის აპრილში გაკოტრებისა და აქტივების შემცირების შესახებ კანონის დარღვევისთვის ორწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის სასჯელს ოქსფორდშირში, ჰანტერკომბის ციხეში იხდიდა. ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ მას სამშობლოში გაამგზავრებდნენ.

გერმანიაში დაბრუნებულმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.

„ციხეში შენ არავინ ხარ. მხოლოდ ნომერი. ჩემი ნომერი იყო: A2923EV. მე არ მეძახდნენ ბორისს, მე ნომერი ვიყავი. ყველასთვის სულ ერთი იყო, ვინ ხარ შენ.

მე ისევ ვიპოვნე ჩემში ადამიანი, როგორიც ადრე ვიყავი. მკაცრი გაკვეთილი მივიღე, ძალიან ძვირფასი და ძალიან მტკივნეული. მაგრამ ამ ყველაფერმა მასწავლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. ყველაფრის მიზეზი არსებობს“, – ჰყვება ბეკერი.

„მე თავიდანვე შევეჩეხე რეალობას, რომელსაც ადრე არ შევხვედრივარ. ძალიან სახიფათო იყო. ვცდილობდი, თვალებში არავისთვის მეყურებინა და ჩემს კუთხეში ვმჯდარიყავი.

ციხე ძალიან დიდი, ძალიან ჭუჭყიანი და დაუჯერებლად სახიფათო იყო. იქ სასჯელს იხდიან მკვლელები, პედოფილები, ნარკოდილერები – ყველანაირი ადამიანი გხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი თავის გადარჩენა. შენ გამოდიხარ კამერიდან და უნდა გადაარჩინო საკუთარი ტყავი – დაცვა ამაზე არ იზრუნებს.

ერთ-ერთ პატიმარს ჩემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ის, რომ სხვები მოვიდოდნენ საშველად და მას დაემუქრებოდნენ. მე კი ლანგარით ხელში ვიდექი და მაკანკალებდა.

საკანში არ არის სარკე, რადგან შეიძლება ის გატეხო და იარაღად გამოიყენო. როცა გარეთ გამოსვლის შემდეგ პირველად ვნახე საკუთარი თავი, ძალიან შემეშინდა.

როცა საკნის კარი იკეტება, თითქოს მთელი სამყარო გენგრევა. ეს იყო ყველაზე მარტოხელა მომენტი ჩემს ცხოვრებაში. შენ ერთი ერთზე რჩები საკუთარ ფიქრებთან, რომლებიც გონებაში კარუსელივით ტრიალებენ. ცდილობ, მშვიდად ისუნთქო. მეშინოდა, მაგრამ არ მიტირია.

ყველაზე მძიმე იყო ჩემს შეყვარებულთან გამოთხოვება. მე მას ვუთხარი: „არ ხარ ვალდებული, მელოდო, შენ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ხარ“. მაგრამ მან მიპასუხა: „არ ილაპარაკო ეს სისულელე, ჩვენ გავუკლავდებით“, – ამბობს ბეკერი, რომელმაც, საერთო ჯამში, ინგლისურ ციხეში რვა თვე გაატარა.