ბოლივიაში იტალიელი კომუნისტი დააკავეს, რომელსაც სამშობლოში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი
ბოლივიაში იტალიელი კომუნისტი დააკავეს, რომელსაც სამშობლოში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი

ბოლივიაში იტალიელი კომუნისტი და ყოფილი სამხედრო დააკავეს. BBC-ს ინფორმაციით, ჩეზარე ბატისტს, რომელსაც სამშობლოში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ჯერ ბრაზილიაში გადაიყვანენ, შემდეგ კი იტალიაში, სადაც ის სასამართლოს მიერ მისჯილ სამუდამო სასჯელს მოიხდის.

ჩეზარე ბატისტი იტალიაში მემარცხენე ექსტრემისტული ორგანიზაციის „შეიარაღებული პროლეტარიატი – ეს კომუნიზმია“ ლიდერი იყო. კრიმინალის სახელს იტალიის საგამოძიებო უწყებები ოთხ მკვლელობას აწერენ. აღნიშნული დანაშაულები მან 1977-1979 წლებში ჩაიდინა. ბრალდებების საფუძველზე, ჩეზარე ბატისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1981 წელს ის ციხიდან გაიქცა.

ციხიდან გაქცევის შემდეგ, ბატისტი საფრანგეთსა და მექსიკაში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ბრაზილიაში გადავიდა.

64 წლის ჩეზარე ბატისტი 2017 წლის ოქტომბერში, ბრაზილიიდან ბოლივიაში გადასვლის მცდელობის დროს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მანამდე ის 2007 წელს რიო დე ჟანეიროში დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში იტალიის ხელისუფლება მის სამშობლოში ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა ბრაზილიის მაშინდელი მთავრობა ამაზე უარს აცხადებდა, ეს კი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა.