„ბოინგ 737 მაქს 8“ - რატომ აიკრძალა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვითმფრინავის ფრენები
„ბოინგ 737 მაქს 8“ - რატომ აიკრძალა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვითმფრინავის ფრენები

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის კაპიტანი აფრენიდან სამ წუთში საგანგებო სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა — პანიკაში მყოფი მეთაური უკან დაბრუნების უფლებას ითხოვდა, რადგან ხომალდმა არანორმალური სიჩქარე აკრიფა.

საჰაერო მიმოსვლის ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ საჰაერო ხომალდი, ახალი „ბოინგ 737 მაქს 8“ ზემოთ-ქვემოთ ასობით მეტრზე ქანაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც წარმოუდგენლად არასწორი ხდებოდა.

2019 წლის 10 მარტს, ადის-აბების საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან ხუთი წუთის შემდეგ, ყოველგვარი კავშირი გაწყდა საჰაერო მაკონტროლებლებთან და ეთიოპიის ავიახაზების რეისთან ნომრით 302, რომელიც კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა.


კატასტროფის დეტალებს „ნიუ იორკ თაიმსს“ საჰაერო კონტროლის წარმომადგენელი ანონიმური პირი უყვება. მისი თქმით, მაკონტროლებლებმა ჯერ კიდევ კაპიტნის მომართვამდე დაასკვნეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ, თითქმის მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცეშიც აიკრძალა „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ ფრენა, რომელიც ბოინგის მეორე ყველაზე გაყიდვადი ხომალდი იყო ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.


ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აფრენიდან სულ მალე პილოტები შეშფოთებას გამოხატავენ ხომალდის საკმაოდ მაღალი, საშიში სიჩქარის გამო. როგორც რადარების მონაცემები მიუთითებს, ხომალდმა სტანდარტულზე გაცილებით მაღალი სიჩქარე აკრიფა, თუმცა რის გამო, ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება.

ეთიოპიის ავიახაზების ცნობით, რეისი 302-ის ეკიპაჟმა საჰაერო კონტროლის პრობლემის შესახებ საჰაერო ტრაფიკის მაკონტროლებლებს კავშირის გაწყვეტამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა. ხომალდს პილოტი იარედ გეტაჩევი მართავდა, რომელსაც ფრენის 8000-საათიანი გამოცდილება ჰქონდა.

როგორც რადარების მონაცემები უჩვენებს, ამ მომენტისთვის ხომალდი ე.წ. მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე დაბლა იმყოფებოდა. ორ წუთში თვითმფრინავი უსაფრთხო სიმაღლემდე ავიდა. პილოტი იუწყებოდა, რომ მას 4200 მეტრ სიმაღლეზე, სწორხაზოვან კურსზე დარჩენა სურდა.


ამის შემდეგ, მაკონტროლებლებმა შენიშნეს, რომ თვითმფრინავმა ასობით მეტრზე ქანაობა დაიწყო მაღლა-დაბლა მიმართულებით. აშკარა იყო, რომ ხომალდი უჩვეულოდ სწრაფად მოძრაობდა. როგორც ანონიმური წყარო იხსენებს, ამ დროს ხომალდის ფრენის შემყურე შეშფოთებულმა მაკონტროლებლებმა ყვირილი დაიწყეს.

ადის-აბების აეროპორტს აღმოსავლეთიდან უახლოვდებოდა ეთიოპიის ავიახაზების კიდევ ორი რეისი, ნომრებით 613 და 639. რეის 302-ზე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, მაკონტროლებლებმა მათ სიმაღლეზე დარჩენა უბრძანეს. როგორც ანონიმური პირი იხსენებს, სწორედ ამ დროს გაისმა პანიკაში მყოფ კაპიტან გეტაჩევის ხმა, რომელიც სასწრაფოდ უკან დაბრუნებას ითხოვდა.


რეისი 302 სულ რაღაც სამი წუთის აფრენილი იყო და უკვე აკრეფილი ჰქონდა იმაზე გაცილებით მაღალი სიჩქარე, რასაც უსაფრთხოების ლიმიტები მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც მაკონტროლებლებმა ხომალდს უკან დაბრუნების ნებართვა მისცეს, თვითმფრინავი მარჯვნივ შემობრუნდა. ერთი წუთის შემდეგ, ეთიოპიის ერთ-ერთი მკაცრად დაცული სამხედრო ზონის თავზე, ის რადარებიდან გაქრა.


კატასტროფის შემდეგ ყველას გაახსენდა გასული წლის ოქტომბერში, ინდონეზიური „ლიონ ეარის“ კუთვნილი კიდევ ერთი „ბოინგ 737 მაქს 8-ის“ ჩამოვარდნა. იმ დროს დაიღუპა ბორტზე მყოფი 189 ადამიანი. მსგავსება მართლაც ბევრია. ორივე კატასტროფა აფრენიდან მალევე მოხდა, ორივე ხომალდის ეკიპაჟი აეროპორტში უკან დაბრუნებას ითხოვდა.

სწორედ ამ ორ კატასტროფას შორის არსებული მსგავსებები გახდა მარეგულირებელთა გადაწყვეტილების მთავარი საბაბი, როცა ამ მოდელის ფრენები შეაჩერეს. ბოინგის ეს ოჯახი სამგზავრო სერვისში დაახლოებით ორი წლის წინ შევიდა.

ინდონეზიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მიზეზი ფრენის კონტროლის ახალი სისტემა იყო. ორივე შემთხვევაში, პილოტებმა თავიანთი ხომალდების კონტროლი ვეღარ შეძლეს.


ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფის გამოძიება ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და როგორც უსაფრთხოების მარეგულირებლები აღნიშნავენ, დასკვნების გამოტანა გამომწვევ მიზეზთა შესახებ, ჯერ ძალიან ადრეა. კატასტროფიდან ორ დღეში იპოვეს და ანალიზისთვის საფრანგეთში გადააგზავნეს ხომალდის ე. წ. შავი ყუთები, რომლებიც ხმასა და ფრენის დეტალურ ინფორმაციას ინახავს.

ინდონეზიის კატასტროფის შემდეგ, კომპანია „ბოინგი“ მუშაობს 737 მაქს-ის ტიპის ხომალდების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გამოვა. „ბოინგი“ და აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია ამ ეტაპზე განიხილავენ, საჭიროა თუ არა პილოტთათვის უფრო მეტი ტრენინგის ჩატარება მაშინ, როცა ესა თუ ის ავიაკომპანია თავის შემადგენლობას ახალ ხომალდებს ამატებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სატრანსპორტო საშუალებათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კარგად შეისწავლის 737 მაქსისთვის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის მიერ გაცემულ სერტიფიცირებას. მათ შორის, დაინტერესდება, რატომ არ მოითხოვენ მარეგულირებლები უფრო ვრცელ ტრენინგებს.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.