ბითაძის რვა ქულა ზაგრებში, ბუდუჩნოსტმა ნახევარფინალური სერია მარცხით დაიწყო
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ სერიის პირველი მატჩი ზაგრების „ცედევიტასთან“ ანგარიშით 83-90 წააგო. 19 წლის ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი დაჰყო. რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება ჩაიწერა აქტივში. გოგამ შეხვედრის ბოლომდე დასრულება 5 პერსონალური ჯარიმის გამო ვერ შესძლო.
სტუმართა შორის საუკეთესო სტატისტიკა ერლ კლარკმა დააფიქსირა. ამერიკელმა ფორვარდმა 23 ქულა მიითვალა. „ცედევიტას“ შემადგენლობაში 23 ქულით ჯასტინ კრაბი იყო გამორჩეული. 20 ქულა გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა. ზაგრების კლუბი სერიაში 1-0 დაწინაურდა. ამ წყვილის მეორე დაპირისპირება პოდგორიცაში 31 მარტს ჩატარდება. შეგახსნებეთ, რომ სერია ორ მოგებამდეა. მეორე ნახევარფინალში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ თანაქალაქელ „პარტიზანს“ სერიას 1-0-ს უგებს.