ბითაძის 7 ქულა და ბუდუჩნოსტის მარცხი ესპანეთში, კალატესმა პანათინაიკოსს მოსკოვში მოაგებინა
12:23, 16.03.2019
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. გუშინ 26-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ესტუმრა და ანგარიშით 62-82 წააგო. შენგელიას და ჯენინგს ტრავმების გამო არ უთამაშიათ. ბითაძემ სტუმართა შორის ძირითადში დაიწყო და არასრულ 25 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი გააკეთა.
„ბუდუჩნოსტისთვის“ აღნიშნულ დაპირისპირებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან რეპეშას გუნდი აუტსდაიდერთა შორის იმყოფება. „ბასკონია“ კი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის და გუშინდელ თამაშს მისთვის პრინციპული ხასიათი ჰქონდა. ვიტორიელებს პატრისიო გარინომ ულიდერა 16 ქულით. 13 ქულა დაფიქსირდა მარსელინიო უერტასის ანგარიშზე. რეგულარულის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ბასკონია“ სატურნირო ცხრილში 6-ე ადგილზეა და მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ „პანათინაიკოსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
ბერძნულმა გრანდმა გუშინ საოცარი მატჩი მოუგო „ცსკა“-ს. მოსკოვში ჩატარებულ შეხვედრაში კულმინაცია უკანასკნელ წამებზე დადგა, როდესაც, პრაქტიკულად საფინალო სირენასთან ერთად, ნიკ კალატესმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და „პაოს“ 78-77 მოაგებინა. ათენელებისთვის ეს მოგება ზედიზედ მეოთხე გამოდგა და ნიკ პიტინოს გუდი პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
გუშნვე სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ საკუთარ დარბაზში ბოლოს შემოუტრიალა თამაში ბარსელონას და 88-82 აჯობა. სტამბოლური კლუბი, დიდი ალბათობით, რეგულარულ სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს.