„დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს ტრავმის გამო ბუნდესლიგის ზედიზედ მეორე მატჩის გამოტოვება ემუქრება. შესაძლოა, ნორვეგიელი ვერ ვიხილოთ გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ჰერტას“ წინააღმდეგ.
გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, ჰოლანდმა ვერ მოიშუშა მარჯვენა მუხლის ტრავმა, რომელიც 28-ე ტურში „ბაიერნთან“ მატჩში მსაჯთან შეჯახებისას მიიღო. ამ დაზიანების გამო, ფორვარდმა გამოტოვა წინა ტურის მატჩი „პადერბორნის“ წინააღმდეგ.
აღნიშნავენ, რომ სკანდინავიელს გუნდის ბოლო ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღია.
ჰალანდს „დორტმუნდის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში 13 გოლი დაუგროვდა, რასაც სამი შედეგიანი პასიც ემატება.
„დორტმუნდისა“ და „ჰერტას“ მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.