„ბიბისის“ გამოძიების თანახმად, ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის ელიტური დანაყოფი ავღანეთში, 2010-2011 წლებში, დაკავებულებს საეჭვო გარემოებებში ხოცავდა
„ბიბისის“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის (SAS) ელიტური დანაყოფი ავღანეთში, 2010-2011 წლებში, საეჭვო გარემოებებში ხოცავდა დაკავებულებსა და შეუიარაღებელ ადამიანებს. „ბიბისის“ მიერ ახლად მოპოვებულ სამხედრო ანგარიშებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ერთ-ერთმა ასეთმა ელიტურმა დანაყოფმა, რომელიც ავღანეთში 6-თვიანი როტაციით იმყოფებოდა, 54 ადამიანი დახოცა. სხვადასხვა დანაყოფების მიერ ჯამურად დახოცილთა რიცხვი კი, სამციფრაა.
„ბიბისის“ კონკრეტული გამოძიება ფოკუსირებულია ერთ-ერთ ელიტურ დანაყოფზე, რომელიც სპეცოპერაციების, დაზვერვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველადაა გაწვრთნილი. ისინი ავღანეთში 2010 წლის ნოემბერში ჩავიდნენ. ესკადრილია ჰელმანდის პროვინციაში ოპერირებდა და მათი პირდაპირი ამოცანა წინასწარ დაგეგმილი დაკავების ოპერაციების წარმოება იყო, ასევე ცნობილი როგორც „მოკალი ან აიყვანე“ რეიდები და თალიბანის მეთაურების დაკავებასა და ბომბების მწარმოებელთა ქსელის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად.
„ბიბისი“ პანორამამ“ გააანალიზა სპეციალური საჰაერო ძალების ოპერატიული ანგარიშების ასობით ფურცელი, მათ შორის ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა ათობით „მოკალი ან შეიპყარი“ ტიპის რეიდებს, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში 2010-11 წლებში ჩატარდა.
პირებმა, რომლებიც სპეციალური საჰაერო ძალების ესკადრილიასთან ერთად მსახურობდნენ, „ბიბისის“ განუცხადეს, რომ ისინი მოწმე არიან, თუ როგორ ხოცავდნენ სპეციალური საჰაერო ძალების ოფიცრები შეუიარაღებელ პირებს ღამის რეიდებისას. ასევე მომსწრე არიან, თუ როგორ იყენებდნენ ოფიცრები ე.წ. „იარაღის ჩადების“ პრაქტიკას სპეცოპერაციის ტერიტორიაზე, რათა შეუიარაღებელი ადამიანების დახოცვა გაემართლებინათ. იგივე პირები ყვებიან, რომ ესკადრილიების დანაყოფები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ დახოცავდა უფრო მეტს. „ბიბისის“ მიერ შესწავლილ კონკრეტულ დანაყოფს უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავდა, ვიდრე მათ, რომლებიც როტაციით ჩაანაცვლეს.
„ბიბისის“ გამოძიების თანახმად, ელექტრონული წერილებიდან ირკვევა, რომ სპეციალური ძალების მაღალი რანგის ოფიცრებმა იცოდნენ შესაძლო უკანონო მკვლელობების შესახებ, თუმცა ამ ეჭვების შესახებ სამხედრო პოლიციისთვის არ უცნობებიათ, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ამის ვალდებულება ქონდათ.
რამდენადაც „ბიბისისთვის“ გახდა ცნობილი, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ძალების ყოფილი მეთაური გენერალი მარკ კარლტონ-სმიტი ინფორმირებული იყო სავარაუდო უკანონო მკვლელობებზე, თუმცა მას სამხედრო პოლიციისთვის მტკიცებულებები მას შემდეგაც არ გადაუცია, რაც სამხედრო პოლიციამ სპეციალური საჰაერო სამსახურის ესკადრილიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა კომენტარზე უარი აღქმული არ უნდა იყოს, როგორც ბრალდების ნამდვილობის დადასტურება.