ბიატლონი | მსოფლიო თასის საერთო ჩათვლა ნორვეგიელთა ტრიუმფით დასრულდა #1TVSPORT
შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდში გამართული ორი რბოლით ბიატლონის მსოფლიო თასის ეტაპები დასრულდა.
მამაკაცებში საერთო ჩათვლის გამარჯვებული მეათე ეტაპის „მას სტარტამდე“ არ იყო გამოვლენილი, ვინაიდან პირველ და მეორე ადგილზე მყოფ ბიატლონისტებს შორის სულ რამდენიმე ქულა იყო სხვაობა. სტარტი მამაკაცებში 15 კმ-ზე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ფრანგ სიმონ დესტიეს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე რუსი ედუარდ ლატიპოვი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი იოჰანეს ბომ მოიპოვა.
მესამე ადგილზე გასვლით, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ საერთო ჩათვლაში თავის თანამემამულე ლეაგრეიდს გაასწრო და 2020/2021 წლების მსოფლიო მოგება 1052 ქულით მოახერხა. მეორე ადგილზე გასულმა სტურლა ლეაგრეიდმა 1039 ქულა მოაგროვა, მესამეზე კი ფრანგი ქვენტინ ფილონ მაიე (930) გავიდა.
მსოფლიო საერთო ჩათვლის გამარჯვებული ქალებში ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფი (1152) გახდა, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე მარტა როისელანდი (963) გავიდა, მესამეზე – გერმანელი ფრანცისკა პრეუსი (840).