მიხეილ ბერიშვილის საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით საკალათბურთო კლუბმა „ალ შამალმა“ „ალ აჰლი“ 86:85 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე 84:85 ჩამორჩენილ მის გუნდს ბურთი გვერდითი ხაზიდან შემოჰქონდა. პასი ბერიშვილმა მიიღო და საფინალო სირენის გაჟღერებამდე მოასწრო სროლა. დაახლოებით 6 მეტრიდან ნატყორცნი შორეული ორქულიანი „ალ აჰლის“ კალათში ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა.
კომენტატორმა მიშა, მიშას ძახილით დაასრულა რეპორტაჟი, მოედანზე კი გახარებული „ალ შამალის“ კალათბურთელები დარბოდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბერიშვილმა შეუცვლელად, სრული 40 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მიშას ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ბერიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის ბომბარდირი ვაელ არკაჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 3 მოგებითა და 1 მარცხით „ალ შამალი“ ყატარის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. შემდეგ ტურში ბერიშვილის გუნდი ბოლო ადგილზე მყოფ „ალ რაიანს“ სტუმრად, 22 დეკემბერს შეხვდება.